აფხაზეთის დროებით დეფაქტო პრემიერ-მინისტრად დაურ არშბა დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრემიერმინისტრის გენადი გაგულიას ავტოავარიაში დაღუპვის შემდეგ, მის დაფაქტო მოვალეობებს პირველი ვიცეპრემიერი დაურ არშბა შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრემიერმინისტრი გენადი გაგულია ავარიაში 8 სექტემბერს, გვიან საღამოს დაიღუპა. აფხაზეთის დეფაქტო მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდის ცნობით, ავარია ფსოუ-სოხუმის მონაკვეთზე მოხდა.
„პრემიერმინისტრის ავტომობილი გადაადგილდებოდა აფხაზეთის ოფიციალური დელეგაციის კორტეჟში, რომელიც სირიის არაბული რესპუბლიკიდან ბრუნდებოდა. წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს სხვები არ დაშავებულან“, – ნათქვამია განცხადებაში.
გენადი გაგულია 70 წლის იყო. პირველად ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრემიერმინისტრის თანამდებობაზე მან 1995-1997 წლებში იმუშავა, შემდეგ – 2002-2003 წლებში. 2003-2004 წლებში აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო, 2004 წლიდან აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ხელმძღვანელობდა. 2018 წლის 25 აპრილს ის კვლავ დეფაქტო პრემიერმინისტრად დანიშნეს.




