დავით ალადაშვილი ენგურის ხიდზე ღია ცის ქვეშ დაუკრავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 7 სექტემბერს, ზუგდიდში, ცნობილი ახალგაზრდა პიანისტი დავით ალადაშვილი კონცერტს გამართავს.
• 12:00 – ენგურის ხიდი.
• 15:00 – დადიანების სასახლე.
27 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ცნობილი ახალგაზრდა პიანისტი დავით ალადაშვილი, კომპანია „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ და “მაგთი“ წარმოგიდგენთ მუსიკალურ ტურნეს “პიანინო”.
დავით ალადაშვილი, ორი კვირის განმავლობაში, მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელს საქართველოში იმოგზაურებს და 50-მდე კონცერტს ჩაატარებს.
ეს იქნება დიდი ზომის წითელი მოძრავი მანქანა, რომელიც რეგიონიდან რეგიონში გადაინაცვლებს, წინასწარ შერჩეულ ადგილას ტრანსფორმირდება სცენად და ღია ცის ქვეშ ყველა დაინტერესებულ მსმენელთან მიიტანს კლასიკურ მუსიკას.
პროექტის მთავარი მიზანია ჩვენი საზოგადოების ფართო მასებს, საქართველოს ყველა რეგიონში მივაწვდინოთ ცოცხალი, კლასიკური მუსიკის ხმა.
„განსაკუთრებით მიხარია და დიდი პატივია, რომ ბევრგან პირველად გაჟღერდება კლასიკური მუსიკა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ახალგაზრდა აღმოაჩენს და შეიყვარებს ფორტეპიანოს” – ამბობს დავით ალადაშვილი.
ტურნეს დასკვნითი კონცერტი მაგთის დაბადების დღეს – 22 სექტემბერს, თბილისში გაიმართება.
ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტებზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უსასყიდლოდ შეუძლია.


