ბათლომე შელია – გუბერნატორის ბეგრაუნდი დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთების საშუალებას ვერ იძლევა

ადგილობრივი ხელისუფლების მაღალ ეშელონებში პირველ საკადრო ცვლილებას-ახალი გუბერნატორის დანიშნვას ოპოზიცია კრიტიკით ხვდება. “ევროპული საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბათლომე შელია ახალ გუბერნატორს ალექსანდრე მოწერელიას და შსს მინისტრს აკრიტიკებს.
“ახალი გუბერნატორის ბეგრაუნდი ვერ იძლევა იმის საშუალებას, რომ დამაიმედებელი პროგნოზი გვქონდეს მის მომავალ საქმიანობაზე. თხილის შარშანდელი მოსავალი ჯერ კიდევ მოუშუშებელი ეკონომიკური ჭრილობაა სამეგრელოს მოსახლეობისთვის და ამ ყველაზე კატასტროფულ პერიოდში “თხილის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის” თავმჯდომარეობა დადებით მხარედ ვერანაირად ვერ მიიჩნევა”,-წერს სოციალურ ქსელში ბათლომე შელია.
საკრებულოს წევრი ახალ რეალობას ასევე ახლო წარსულს ადარებს და მათ შორის მსგავსებას პოულობს. ბათლომე შელიას თქმით, კლანური, პარტიული და საოჯახო ხელისუფლება ვერასოდეს იქნება პერსპექტიული.
“მიუხედავად ამისა ხელისუფლებამ დღეს ასეთი კანდიდატურა შემოგვთავაზა გუბერნატორად, საკმაოდ ხმაურიანი პოლიტიკური განცხადებებით წარგვიდგინა შსს მინისტრმა და პარალელურად ადგილობრივი ხელისუფლებისგან “ხუთოსნობა” მოითხოვა… “ხუთოსნებით” უკვე გყავთ ადგილობრივი ხელისუფლება დაკომპლექტებული, ოღონდ თანამედროვე ათბალიანი სისტემით და ეს ბუნებრივია თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა…
თითქმის 6 წელია რეგიონს მართავს ადამიანი, რომლის მთავარი ფუნქცია არჩევნების მოგება იყო და სხვა დანარჩენზე “მწვანე” გქონდათ ანთებული.
ის თავის მხრივ იგივე პრინციპით გვიკომპლექტებდა ადგილობრივ თვითმმართველობას და შედეგად შეგვრჩა მხოლოდ არჩევნებზე ორიენტირებული უპასუხისმგებლო ხელისუფლება, რომლის მუშაობაში ახალი, ინოვაციური მხოლოდ მოკლე კაბის მერიაში ჩაცმის აკრძალვა და ლენინური შაბათობების მოწყობა გახდა, უპასუხისმგებლო (მათ შორის უზნეო) საკადრო პოლიტიკის თანხლებით…
6 წელია რეგიონი უკან მიდის. ვერცერთ სფეროში გამოწვევებს ვერ უმკლავდებით და მაინც ჯიუტად რეგიონალურ საკადრო პოლიტიკაში ისეთ ახალგაზრდებზე აკეთებთ აქცენტს, რომლებიც ამდენი წელია ვერ “გაიზარდნენ” და ვერც დაინახეთ, რომ ზრდის არანაირი პოტენციალი არ გააჩნიათ…
კლანური, პარტიული, ოჯახური და ნათესაური პრინციპით დაკომპლექტებული ხელისუფლების მუშაობის შედეგი სახეზე გაქვთ და არამგონია გქონდეთ ნება და საშუალება ეს ყველაფერი შეცვალოთ…
სწორედ ამის გამო თქვენი ახალი საკადრო გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოების ნდობის მანდატი ნულოვანია…”-წერს ბათლ;ომე შელია სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.
მსგავსი სიახლეები

ბათლომე შელია ოპოზიციაზე: ბიძინას მოგებას როგორ აპირებენ, წარმოუდგენელია…

გუბერნატორის მდივანი: “მითხრეს, რომ ჩემში ერთგულება ვერ დაინახეს და გამათავისუფლეს”


