მზეკო ჟვანია – მინდოდა ჩემი საუკეთესო დაქალი დედაჩემი ყოფილიყო

რუბრიკის სტუმარია ჟურნალისტი მზეკო ჟვანია, რომელიც ამჟამად ზუგდიდის მერის პიარია. მზეკო ჟვანია პროფესიით ჟურნალისტი და პოეტია. ის ორი წიგნის ავტორია. როგორც თავად ამბობს, მზეკო ჟვანია ორ წიგნს გამოსაცემად ამზადებს. ერთ-ერთი კი პროზაული ნაწარმოებია, სახელწოდებით “მსხვერპლის აღსარება”
-რომ შემეძლოს…
-ჩემს ცხორებაში რამდენიმე ადამიანს ადგილს გადავუნაცვლებდი…!
-ყველაზე მეტად მინდა…
-მინდა ჩემს ირგვლივ პოზიტიურ ხალხს ვხედავდე, გულწრფელი დამოკიდებულებებით და ღიმილიანი თვალებით…!
-მთავარი შეცდომა…
-ჩემი მთავარი შეცდომაა ის, რომ ყოველთვის მძიმეს ვსვამ იქ, სადაც წერტილია საჭირო. ალბათ ადამიანების იმედი მაქვს და ამიტომაც ვერ ვსწავლობ შეცდომებზე…!
-მთავარი ფრაზა…
-ბევრია ასეთი, თუმცა, ერთ-ერთს გამოვარჩევდი – “მოთმინება საუკეთესო პასუხია ცხოვრვის ყველა გამოწვევაზე” – ხშირად არ გამომდის
-რომ არ ყოფილიყო…
-ჩემს ცხოვრებაში, რომ არ ყოფილიყო დედაჩემი, ვერც ერთ წარმატებას ვერ მივაღწევდი…
-ვნანობ, რომ…
-ძალიან ბევრ რამეს ვნანობ, მაგრამ განსაკუთრებით იმას ვნანობ, რომ ზედმეტად ვენდობი ადამიანებს და მჯერა მათი…! ჰო, და კიდევ იმას ვნანობ, რომ ისეთი ადამიანების გულში ვრგავ ხოლმე ყვავილებს, რომლებიც მათ არასოდეს მორწყავენ!!!
-შემეძლო…
-იმაზე მეტი შემეძლო, რაც ოდესმე გამიკეთებია, მაგრამ ორჯერ გავჩერდი ბარიერთან და სხვას დავუთმე გზა… მათაც სცადონ
-ყოველთვის მინდოდა…
-ჩემი საუკეთესო დაქალი დედაჩემი ყოფილიყო
-არასოდეს გავხდები…
-არასოდეს გავხდები ბოროტი!
-ხელს მიშლის…
-ხშირად მეუბნებიან, რომ ამაყი ვარ. ნაწილობრივ ვეთანხმები და მგონია, რომ ზოგჯერ ზედმეტიც მომდის, ზოგადად ყველაფერში ზედმეტი მომდის
-პირველად შემიყვარდა…
-ჯერ არ შემყვარებია ისე, რომ მასზე საუბარი ღირდეს
-ხშირად მითქვამს…
-ხშირად მითქვამს “არაუშავს”, მაშინაც კი, როდესაც უშავდა და თან ძალიან
-ყოველთვის მემახსოვრება…
-ყოველთვის მემახსოვრება მზე და სიკეთე… ჰო, და კიდევ მადლიერი თვალები
-ყველაზე მეტად მეშინია…
-მარტოობის და უსარგებლოდ დარჩენის, როცა არავის ახსოვხარ, რადგან ვერავის გამოადგები ვერაფერში…
-ვერასოდეს ვაპატიებ…
-ხშირად ვპატიობ, მაგრამ ვერასოდეს ვივიწყებ…
-მთავარი ტყუილი…
-არ მიყვარს ტყუილები, მაგრამ ერთხელ ვთქვი, რომ შევძლებდი ყველაფერი დამევიწყებინა, რაც დამიშავეს.. ვერ შევძელი
-ვისურვებდი, რომ…
-ყველა ბედნიერი იყოს…




