სენაკში, ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნის კვირეული გაიმართა

23 მარტს, გამოჩენილ ქართველ ებრაელ მწერალს, პოეტს, მთარგმნელს და პუბლიცისტს, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს მწერალთა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირების წევრის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, პარიზის ქართულ-ევოპული ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძის სახელობისა და ივანე მაჩაბლის სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ღირსების ორდენის კავალერს, სენაკის საამაყო შვილს – ჯემალ აჯიაშვილს დაბადებიდან 78 წელი შეუსრულდებოდა.
დღეს, ჯემალ აჯიაშვილის იუბილე, მისივე სახელობის სკვერში არსებული ბარელიეფის ყვავილებით შემკობით დაიწყო. დიდი ქართველი ებრაელი მწერლისა და მოღვაწის საიუბილეო საღამო სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. საღამო, რუსული აგრესიის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისა და სოლიდარობის გზავნილით დაიწყო.
დიდი ქართველი ებრაელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ჟურნალისტმა და კომენტატორმა, ჯამლეტ ხუხაშვილმა, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის დირექტორმა, ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაციის პრეზიდენტმა, გივი ღამბაშიძემ, მწერალმა, ერეკლე საღლიანმა, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტრმა, დავით შემოქმედელმა, პოეტმა, ნანა ცინცაძემ, ჟურნალისტმა, ლეილა ნოდიამ, მწერალმა, ბორის დავითაიამ, ჟიული შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა, დამირ კუჭავამ.
ჯემალ აჯიაშვილის ცხოვრების გზა, მისი ამაგი ორი მშობლიური ერის კულტურის ისტორიაში, სენაკელ ებრაელთა და ქართველთა თანაცხოვრების ულამაზესი ისტორიის ფურცლები, მწერლის უთბილესი მოგონებები მშობლიურ ქალაქზე, ,,ვეფხისტყაოსნითა’’ და უძველესი ებრაული კულტურით ნასაზრდოები შემოქმედება წარმოჩინდა დღეს გამომსვლელთა სიტყვებში, ეკრანზე გაცოცხლებულ დოკუმენტურ კადრებში, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა მიერ შთამბეჭდავად წარმოდგენილ ლიტერატურულ კომპოზიციაში.
დასკვნით ღონისძიებას წინ უსწრებდა კვირეული, რომლის ფარგლებში ჩატარდა შიდა სასკოლო და მუნიციპალური კონკურსები ჯემალ აჯიაშვილის ლექსების მხატვრულ კითხვაში – მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ჩართულობით; ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში მოეწყო მწერლისა და მთარგმნელის შემოქმედების გამოფენა, ჟიული შარტავას მუზეუმში გაიმართა თემატური საღამო.





