ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების ბრალდებით დაკავებულ ზაალ ლატარიას ბრალი

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ბრალდებით დაკავებულ ზაალ ლატარიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინა. ამის შესახებ ზაალ ლატარიას ახალმა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დაკავებული მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
ზუგდიდის მცხოვრები ზაალ ლატარიას ადვოკატი მანამდე ბაჩუკი ყურაშვილი იყო.მისი განცხადებით, ლატარია ბრალს არ აღიარებს და განმარტავს, რომ უცნობი პირისგან მიიღო ვიდეოჩანაწერი, რომელიც უხარისხო იყო, ბუნდოვანი გამოსახულებით, თუმცა არ გაუვრცელებია. ადვოკატისვე ცნობით, ამ მიზეზით ზაალ ლატარიამ ისიც ვერ გაარკვია, თუ რა ჩანაწერზეა საუბარი.
პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ 18 პირია დაკავებული.




