ბებიაჩემო.. (პაპუნა შუშანიას ბლოგი)

მარტივია იყო შორს და ამავე დროს ძალიან ახლოს, როგორც ახლა ხარ, ბებიაჩემო. თითქოს არაფერია – ვიცინი, ვირგებ რეალობას და ვთამაშობ, რომ ყველაფერი კარგად არის! რომ მარადისობის კანონია ის, ვიღაცამ რაც ოდესღაც თქვა – უფროსები მიდიან და ჩვენ ვრჩებით. მერე სუფრაზე ყელმოღერებით, მაღალფარდოვანი სიტყვებით წარსულებს მოვიგონებთ. ვალი მოხდილია. ღვინით სავსე ყანწებს, ან კიდევ არაყს – ჭიქებით, ბუჩქის ინსპირაციით დავლევთ და ცოცხლებზე, მომავალ თაობებზე გადავალთ.
ამას წინათ, მეგობარს მამა გარდაეცვალა- ვუთანაგრძნე. მივედი და მისი ტკივილი გავიზიარე. იმავე დღეს მეორე მეგობრის დაბადების დღე ვიზეიმე. უფრო მეტიც- მესამე მეგობრის ახალი სამსახურის ფეიერვერკით აღნიშვნაში ვმონაწილეობდი. ანუ, ერთ დღეში სამი როლი მოვირგე. როცა საქმე შენ გეხება როლებს ვერ ვირგებ- ბებიაჩემო. მინდა იყო ისე, როგორც გუშინ იყავი. მინდა ხვალაც იყო და მომავალშიც. და რა რთულია, რომ არ ხარ. უფრო რთულია რომ იყავი. წარსულში იყავი ჩემთან და შენთან მხოლოდ გონებაში დალექილი მოგენება მაკავშირებს. არადა, იმაზე მეტი ხარ ვიდრე ყანწებით ან არყით სავსე ჩიქებით გამოთქმული სიყვარულია.
მარიამს ვუყვებოდი – ბავშვობაში ბევრჯერ მინახავს ბებიაჩემი დილაობით წყალთან მოსაუბრეთქო… გვარიგებდა მეთქი, თუ ცუდი სიზმარი ნახე- წყალს მოუყევიო. ბოლო დროს წყალს აღარ ესაუბრებოდათქო. მითხრა მეთქი- ყველა ცუდი სიზმარი რაც ნანახი მქონდა ამიხდა და წყალთან საუბარი მითი ყოფილაო. ჰოდა ახლა, მას მერე არ მჯერა ბოროტი სიზმრების გადამტანი მდინარეების თუ ზღვების. კეფის დადებისგან ღამის ოფლით დანამული ბალიშის პირების დილაადრიან ჩრდილოეთის სხივებით კვადრატისებურად განიავებისთქო. ბებიაჩემო – მარტივია იყო შორს და ამავე დროს ძალიან ახლოს, როგორც ახლა ხარ…
თითქოს არაფერია – ვიცინი, ვირგებ რეალობას და ვთამაშობ, რომ ყველაფერი კარგად არის, რომ მარადისობის კანონია ის, ვიღაცამ რაც ოდესღაც თქვა – უფროსები მიდიან და ჩვენ ვრჩებითო. რამდენი ბოდიში მაქვს მოსახდელი შენთვის და რამდენი მადლიერება სათქმელი, ბებიაჩემო. ალბათ იმდენი,ან იმაზე მეტი – რამდენ დედის ჩაწვეთებულ ასფალტებშიც ია ამოვიდა.




