რა ქონებას ფლობს სანდრა რულოვსი საქართველოში და საზღვარგარეთ

სანდრა რულოვსის უძრავი ქონება მას შემდეგ გაიზარდა, რაც პირველი ლედი აღარაა. დეკლარაციაში, რომელიც ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარმა კანდიდატმა 2016 წლის 12 სექტემბერს შეავსო, მითითებულია, რომ რულოვსი ფლობს ჰოლანდიაში ორ ბინას, რაც არ ჰქონდა 2013 წელს, როცა მისმა ქმარმა, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი თავისი ბოლო დეკლარაცია შეავსო.
2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, სანდრა რულოვსი ჰოლანდიაში, ქალაქ ტერნეუზენში 120 კვ.მ ბინას ფლობს, ხოლო ქალაქ კალზანდში – 75 კვ.მ ბინას, ორ მიწის ნაკვეთს (1230 კვ.მ და 1316 კვ.მ) ყვარელში
რულოვსისა და სააკაშვილის დანარჩენი უძრავი ქონება იგივეა, რაც 2013 წელს იყო: 318 კვ.მ ბინა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, რომელიც სანდრა რულოვსის სახელზეა რეგისტრირებული, ხოლო მიხეილ სააკაშვილის სახელზე – სახლი და 8 მიწის ნაკვეთი ყვარელში.
2016 წლის დეკლარაციით, სანდრა რულოვსი ფლობს საბანკო ანგარიშებზე 44 800 ლარს, 28 ათას ევროს, 8 500 აშშ დოლარს, ასევე, ნაღდი ფულის სახით 15 ათას აშშ დოლარს. 2013 წლის დეკლარაციით კი, საბანკო ანგარიშებზე რულოვსი ფლობდა 5000 ლარს, 110 ათას ევროს და 30 ათას დოლარს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ფულად ქონებას, 2016 წლის დეკლარაციით, მას საბანკო ანგარიშებზე აქვს 57 ათასი დოლარი, 48 ათასი ევრო და 129 950 უკრაინული გრივნა (დაახლოებით 5000 აშშ დოლარი). 2013 წლის დეკლარაციით, სააკაშვილი ფლობდა 5000 ლარს, 5000 აშშ დოლარს და 1000 ევროს.
ამას გარდა, 2016 წლის დეკლარაციით, მიხეილ სააკაშვილის უმცროსი ვაჟის – ნიკოლოზ სააკაშვილის საბანკო ანგარიშზეა 35 ათასი ევრო. ამავე დეკლარაციით, სანდრა რულოვსი არის ფონდ Soco-ს დამფუძნებელი და დირექტორი.



