სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მოადგილე გიორგი ნადარაიასთან, სენაკის მერ ვახტანგ გადელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავასთან ერთად გაეცნო.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები და მუნიციპალური სამსახურები პირველივე წუთებიდან საგანგენო რეჟიმში მუშაობენ.
„მიყენებულ ზიანს სტიქიის შედეგების დამთვლელი კომისია დაადგენს. რის შემდეგაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად გავატარებთ შესაბამის ღონისიძიებებს” - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა სენაკის მუნიციპალიტეტში პრობლემები დღეს შექმნა.
ძლიერი წვიმებისგან წარმოქმნილმა წყალდიდობამ დააზარალა მოსახლეობის ნაწილი, დააზიანა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.
დაიტბორა ქუჩები, წყალმა რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების პირველ სართულები და ეზოები დატბორა. ასევე დაიტბორა სახნავ-სათესი ფართობები. დაზიანდა ადმინისტრაციული ერთეულების შიდა გრუნტოვანი გზები, ხიდების ნაწილი.
სახელმწიფო რწმუნებული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ თითოეულ პირს მადლობას უხდის:
„მადლობას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, პოლიციის, მუნიციპალური სამსახურების ყველა თანამშრომელს, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ სენაკში სტიქიის ზონებში” - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.











