ოთო ნემსაძე და ანსამბლი “შავნაბადა” თელ-ავივში დღეს გაემგზავრნენ

2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე, ანსამბლი “შავნაბადა” და საქართველოს დელეგაცია თელ-ავივში დღეს გაემგზავრნენ.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის ქართველი მონაწილე ევროფესტივალის სცენაზე პირველ რეპეტიციას 5 მაისს გაივლის.
რეპეტიციის შემდეგ ოთო ნემსაძე და ანსამბლი “შავნაბადა” საქართველოს საელჩოს, თელ-ავივის მერიისა და მხარდამჭერთა კლუბის ორგანიზებით დაგეგმილ შეხვედრას დაესწრებიან.
ოთო ნემსაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 14 მაისს, მეთერთმეტე ნომრად იმღერებს.
საკონკურსო სიმღერის – „სულ წინ იარე“ მუსიკის ავტორია რომან გიორგაძე, ხოლო ტექსტი დიანა გიორგაძეს ეკუთვნის.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს თელ-ავივი მასპინძლობს. კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 14 და 16, ხოლო ფინალი 18 მაისს ჩატარდება.






