სენაკის მერი ნოსირის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის მიმდინარეობას გაეცნო

სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, აქტიურად მიმდინარეობს ნოსირის საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტის მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ, 300 მოსწავლეს საშუალება ექნება სრულფასოვანი ზოგადი განათლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღოს.
პროექტის ფარგლებში გარემონტდება საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, სპორტული დარბაზი, კეთილმოეწყობა სკოლის ეზო, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები, სრულად გამოიცვლება სახურავი, კარ-ფანჯრები, სკოლა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.






