სოხუმში დე-ფაქტო მთავრობის გადადგომას ითხოვენ

ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის აგარაკების თემა ურთიერთდაპირისპირების მთავარი საკითხია. რუსეთის ნოტის გასაჯაროების შემდეგ დე-ფაქტო ხელისუფლების შეცვლილმა პოზიციამ, უარი თქვას მესამე პირზე აგარაკების გაყიდვასთან დაკავშირებით, დღითიდღე ძაბავს არსებულ ვითარებას ოკუპირებულ აფხაზეთში.
ბჟანიას მოწინააღმდეგეთა ნაწილი ითხოვს გადადგეს დე-ფაქტო მთავრობა. ამაზე ღიად უკვე აფხაზურ ტელეგრამ არხებში წერენ.
,,ეს არის დარტყმა ,,ქვეყნის” იმიჯზე. ეს არის ტყუილი, რომელშიც ჩვენი ,,ხელისუფლება” სტრატეგიულმა პარტნიორმა შეიპყრო და ეს არის ჩიხი, საიდანაც ჩინოვნიკებს, რომლებმაც მოატყუეს თავიანთი ხალხი, მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვთ – გადადგომა.
მაგრამ არ არსებობს ეს გონივრული გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ,,ხელისუფლების” მიერ ჩვენი ,,ქვეყნის” წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის. და ეს სწორია – იმიტომ, რომ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, როცა ხმას მივცემთ არა ,,სახელმწიფოს მეთაურს”, არამედ ვადაგასული ფქვილის ტომარას და უვარგისი მაკარონის შეკვრას.” წერენ აფხაზურ ტელეგრამ არხში.




