ხობის მერი ზემო ქვალონში გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო

ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საალანიო-საფაჩულიოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე, რევაზ ზაქარაია გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში 3,6 კილომეტრის სიგრძის გზაზე დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა საგზაო ნიშნები და კიუვეტები. სამუშაოების ჯამური ღირებულება 3 მილიონ 58 ათას ლარს შეადგენს.
გზის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის განხორციელების შედეგად, დაზიანებული გზა სრულად რეაბილიტირდება და მოსახლეობას კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.






