ჯამბულ ნაჭყებია ზუგდიდის მაჟორიტარობისათვის იბრძოლებს პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“სახელით

- დღეს პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა ისტორიკოსი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ჯამბულ ნაჭყებია.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ რეგიონებში კანდიდატების წარდგენას ზუგდიდიდან იწყებს,რადგან სამეგრელოს რეგიონი განსაკუთრებით ღირებული და მნიშვნელოვანია საქართველოს გაერთიანებისა და წარმატების გზაზე.
ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი, გენერალური მდივანი მარიამ ჯაში, პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი.
„ზუგდიდში ბატონ ჯამბულთან ერთად ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, რაც იქნება არამხოლოდ ჩვენი პარტიის გამარჯვება, არამედ ზუგდიდისა და მთლიანად სამეგრელოს წარმატება უკეთესი მომავლისათვის“ – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, ბექა ნაცვლიშვილმა.
პარტიის გენერალური მდივნის შეფასებით ჯამბულ ნაჭყებია საკუთარი გამოცდილებითა და განვლილი გზით იმსახურებს ზუგდიდის საზოგადოების უპირობო ნდობას. „ჯამბულ ნაჭყებია გახლავთ სწორედ ის კანდიდატი, რომელიც სჭირდება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და ჩვენი საზოგადოების წინსვლას“ – აცხადებს მარიამ ჯაში.
ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის შესახებ: ჯამბულ ნაჭყებია არის ისტორიკოსი და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი 25-წლიანი გამოცდილებით სასკოლო, საუნივერსიტეტო და არაფორმალური განათლების სფეროში. მას ზუგდიდში არაერთი თაობა ჰყავს აღზრდილი პედაგოგიური და აკადემიური მოღვაწეობით. ამასთანავე აქვს 20-წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ თანამდებობებზე როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში. ჯამბულ ნაჭყებიას ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით გაეროს, ევროკავშირის, USIAD, დანიის ლტოლვილთა საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტსა და საქართველოს 7 რეგიონში განხორციელებულია საგანმანათლებლო და განვითარებითი პროექტები. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროს წარმოადგენს თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური პროცესები, კონფლიქტების მართვა, სახალხო დიპლომატია და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
დღესვე პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ გახსნა ზუგდიდის ოფისი ჭანტურიას ქ N-5-ში.




