საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომას ზუგდიდიდან 3 დეპუტატი დაესწრება

საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ზუგდიდიდან სამი დეპუტატი დაესწრება. ქართულ ოცნებას პარლამენტში 89 დეპუტატი შეყავს, მათგან სამი კი ზუგდიდელია. პარლამენტის პირველ სხდომას ზუგდიდის დელეგატი დავით კოდუა, მოქმედი პარლამენტის წევრები გენრიეტა წიწავა და ედიშერ თოლორაია დაესწრებიან. ხვალვე მოხდება მათი უფლებამოსილების ცნობა.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში დავით კოდუა 33-ე, ედიშერ თოლორაია 79-ე, ხოლო გენრიეტა წიწავა 88-ე ნომრად არიან წარმოდგენილი.
ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე საკითხებს შემდეგი თანამიმდევრობით განიხილავს: – აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცე-სპიკერებს და კომიტეტების თავმჯდომარეებს. პარლამენტის პირველი სხდომა აღნიშნული საკითხების ამოწურვამდე გაგრძელდება.
ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად, XI მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი შევიდა. სახელისუფლო უმრავლესობა პარტია “ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა, რომელიც 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. 19 მანდატი აქვს “კოალიციას ცვლილებებისთვის“, 16 მანდატი – “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“. პარლამენტში 14 წევრის შეყვანა შესძლო “ძლიერმა საქართველომ“, ხოლო პარტიას “გახარია საქართველოსთვის“ 12 მანდატი მიენიჭა.
პარლამენტის წევრები ზუგდიდიან ოპოზიციასაც ჰყავს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა ზუგდიდელი ანა წითლიძე, ის საპარლამენტო სიაში მე-16 ადგილზეა. რაც შეეხება სხვა პარტიებს, კოალიცია ცვლილებებისთვის საპარლამენტო სიით გასულ კანდიდატებს შორის ზუგდიდელი არცერთი არაა (წარმოშობით ზუგდიდიდანაა ნიკა მელია, თუმცა მას ზუგდიდში არ უცხოვრია), იგივე მდგომარეობაა კოლაიცია ძლიერ საქართველოშიც, რაც შეეხება გახარიას პარტიას, მას 12 მანდატი ერგო, ზუგდიდელი გიგა ფარულავა კი პარტიულ საპარლამენტო სიაში მე-13 ადგილითაა წარმოდგენილი.
„ქართული ოცნების“ გარდა ოპოზიციური პარტიები პარლამენტის პირველ სხდომაზე შესვლას არ აპირებენ, მათი ნაწილი საპარლამენტო სიის ჩახსნას აანონსებს.




