საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი ამოქმედდა რა რეგულაციები ეხება ონლაინ-მოვაჭრეებს?

პირველი ნოემბრიდან საქართველოში იწყება მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულება.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი საქართველოში ძალაში ივნისში შევიდა, თუმცა სწორედ დღეიდან შეუძლიათ მომხმარებლებს მიმართონ კონკურენციის სააგენტოს იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლიან, რომ მათი უფლებები დაირღვა. კანონის თანახმად, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული და უტყუარი ინფორმაცია გასაყიდი პროდუქტის შესახებ – მის სახეობაზე, მახასიათებლებზე, ვარგისიანობაზე და ა.შ.
ასევე გამყიდველი ვალდებულია საქონლის ან მომსახურების ფასი იყოს მკაფიო და გასაგები ფორმით მითითებული. მომხმარებლის უფლებაა, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს საქონლის შეკეთება ან შეცვლა.
კანონი დაარეგულირებს ონლაინ-ვაჭრობასაც. ნებისმიერი ონლაინ მაღაზია ვალდებულია გაყიდული პროდუქცია 14 დღის ვადაში უპირობოდ უკან დაიბრუნოს.
რაც შეეხება დარღვევაზე რეაგირების მექანიზმს – თუ ბიზნესს დაუდგინდება დარღვევა, პროცესი ორ ეტაპიანია: პირველი ეტაპი არის გაფრთხილება, როცა პრობლემა უნდა აღმოფხვრას მოვაჭრემ. თუ ეს არ მოხდა, ამის შემდეგ შემოდის სოლიდური საჯარიმო სანქცია, ბრუნვის 2 პროცენტი.




