სენაკის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება

კამპანიის ფარგლებში, დღეს, ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების ამცრელ პუნქტამდე, ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის ტრანსპორტირება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქმედებს ფულადი წახალისების პროგრამა, რომლის ფარგლებში, 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეები პირველ აცრაზე – 200 ლარს, ხოლო დამატებით, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში – 100 ლარიან დანამატს მიიღებენ. წახალისების პროგრამა თებერვლის თვეშიც გრძელდება.
აღნიშნული პროგრამის შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტში, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაციის მაჩვენებელი 60%-ით გაიზარდა. მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, ასევე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების თანმიმდევრულად და ეფექტიანად დაძლევისთვის, მუნიციპალიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, აქტიურად აგრძელებს მუშაობას, რომ ვაქცინაციის პროცესმა, სენაკის მუნიციპალიტეტი ოპერატიულად და დროულად მოიცვას, რადგან იმუნიზაცია ვირუსისგან დაცვის ეფექტური, უსაფრთხო და უალტერნატივო საშუალებაა.




