ალექსობის დღესასწაულზე, სენაკის მერმა არქიმანდრიტ მელქისედეკს საპატიო სენაკელის წოდება მიანიჭა

31 იანვარს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის და სენაკში, მენჯის მთავარანგელოზთა სავანეში მოღვაწე წმ. ალექსი ბერის ( შუშანია) ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღეს, შუშანიების სავანეში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, სენაკის მუნციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ღვთისა და ერის წინაშე მსახურებაში ხანგრძლივი ღვაწლის, მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტრის, ალექსი ბერის სახელობის ბაზილიკური ტაძრის, წმინდა ალექსი სენაკელის სახელობის მუზეუმის აღმშენებლობისა და ალექსი შუშანიას ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი უმნიშვნელოვანი წვლილისთვის, მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ მელქისედეკს (მიქავა), სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.
მუნიციპალიტეტის მერმა, არქიმანდრიტ მელქისედეკს, საპატიო სენაკელის სიგელი და მედალი სიმბოლურად დღეს, ალექსობის დღესასწაულზე გადასცა. ვახტანგ გადელიამ გაწეული ღვაწლისთვის, ასევე მადლობა გადაუხადა მენჯის მთავარანგელოზთა მონასტერში მოღვაწე წმინდა ალექსი ბერის შთამომავალს, მთავარანგელოზთა სავანის მოამაგეს, მონაზონ ზოიას (შუშანია) და მადლობის სიგელი გადასცა.




