წალენჯიხაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ზარქუამ და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურს განვითარების სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა ჯემალ კვარაცხელიამ ქალაქ წალენჯიხაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
კვარაცხელიას ქუჩაზე მდებარე N 9 კორპუსში სამუშაოების მიმდინარეობისას მარცხენა ფლიგელზე აღმოჩნდა რომ ბეტონის კედელი ფუნქცია დაკარგულია. ვიზუალური დათვალიერებით ბზარები შეინიშნება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სამუშაოები დროებით შეჩერებულია და სპეციალისტების შესაბამისი დასკვნის შემდგომ სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდება. რაც შეეხება სამუშაოების მიმდინარეობას, რეაბილიტაცია სხვადასხვა მიზეზების გამო დროში გაიწელა, რაზეც მშენებლობაზე ზედამხედველი ორგანიზაციის და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ წარმოდგენილია შესაბამისი აქტები, რითაც დასტურდება ხელშემშლელი ობიექტური მიზეზები, თუმცა ლაშა ზარქუას განცხადებით, სამუშაოები არ მიმდინარეობს სრული დატვირთვით და საჭიროა რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარება.
ცნობისთვის, „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს და დაფინანსებულია ისეთი ტიპის პროექტები, როგორებიცაა: მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება.
4 წლიანი სახელმწიფო პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.





