გიგა ფარულავა: პოლიტიკური ძალები ცდილობენ , მოსახლეობა გამოიყენონ ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის

- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში მიმდინარე საპროტესტო აქციას რამდენიმე წუთის წინ გამოეხმაურა მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა. ფარულავა ამბობს, რომ მერიაში შეხვდნენ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც აქვთ გზის პრობლემა.
“შევხვდით ნაცატუს მცხოვრებლების ნაწილს, რომლებსაც აქვთ გზის პრობლემა. ეს საკითხი ზუგდიდის მერიის მიერ შესწავლილია, ნაცატუს ადმინისტრაციულ ერთეულში 2021 წლის სამოქმედო გეგმით უკვე გათვალისწინებული გვაქვს არსებული გზის სრული რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე დაწყებულია გზის მოხრება-მოგრეიდერება. რაც შეეხება დღევანდელ აქციას, გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ , მოსახლეობა გამოიყენონ ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, რისი მაგალითიც დღეს ყველამ ვიხილეთ. ზუგდიდის მერია მხოლოდ მიმდინარე წელს ქალაქის 60 გზის რეაბილიტაციას და სოფლებში 30-მდე გზის რეაბილიტაციას ახდენს “-ამბობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა.




