სამშენებლო კომპანია “დაგი” განცხადებს ავრცელებს

სამშენებლო კომპანია “დაგი” დღეს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთა საცხოვრებელ კორპუსების მშენებლობაზე გაფიცული მუშახელის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. სამშენებლო კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“გვინდა აღვნიშნოთ, რომ ზუგდიდში მიმდინარე სამუშაოებს 2018 წლიდან ახორციელებს არა სამშენებლო კომპანია “დაგი”, არამედ მისი ქვეკონტრაკონტრაქტორი კომპანია “რუმსი”. მათი პასუხისმგებლობის ქვეშაა როგორც სამუშაოების ხარისხიანად და ჯეროვნად შესრულება და ჩაბარება, ასევე დასაქმებული ადამიანების ანაზღაურების დროულად გაცემა. გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ კომპანია “დაგის” არ გააჩნია არანაირი ფინანსური დავალიანება “რუმსის” მიმართ და დიდი იმედი გვაქვს, შესრულდება პირობა, რომელიც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომ დასაქმებული ადამიანები დროულად, ივნისის პირველ კვირაში მიიღებენ კუთვნილ ანაზღაურებას.
კომპანია “დაგი” ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს არაერთ პროექტს ახორციელებს, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენ მიერ დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება, დროული ანაზღაურება და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა. Covid19 პანდემიის პირობებშიც არ მომხდარა არც ერთი დასაქმებულისთვის ხელფასის შემცირებაც კი. ვთვლით, რომ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვა, ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა.”-ნათქვამია სამშენებლო კომპანია დაგის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




