“მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები” – ზუგდიდელი პედაგოგის დისკრედიტაციული პოსტი სოც ქსელში

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი ხათუნა ქვარცხავა სოციალურ ქსელში “ბოლო ზარის” თემას გამოეხმაურა, სადაც ის თავის ყოფილ მოსწავლეებს ემშვიდობება და ამასთან ერთად ამბობს, რომ ახარებს მომავალ წელს ბევრ მათგანთან ურთიერთობა არ მოუწევს.
დისკრედიტაციული პოსტი პედაგოგმა მოგვიანებით საკუთარი გვერდიდან წაშალა, თუმცა სქრინი დარჩა.
“ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!”-წერს სოციალურ ქსელში პედაგოგი.
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი ამის შემდეგ საჯაროდ ასახელებს მის ფავორიტ მოსწავლეებს და მხოლოდ მათ უსურვებს წარმატებებს.
თავის მხრივ, პირველი საჯარო სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ პოსტი პედაგოგს თვითონ ააღებინა. ნინო გოგინავა კატეგორიულად ემიჯნება მოსწავლეების მიმართ დამოკიდებულების ასეთ გამოხატვას და ამბობს, რომ მასწავლებლის საქციელი არანაირ ეთიკურ ჩარჩოში არ ჯდება.
“ჩვენი მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა და მასწავლებელმა პოსტი აიღო, მაგრამ ამას არ აქვს ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა. სიტყვა უკვე გაცხადებული იყო, რაც ვფიქრობ, რომ არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, უდაოდ დარღვეულია ყველა ეთიკა, ამას ვაღიარებ. უბრალოდ ძალიან გაკვირვებული და განცვიფრებული ვარ, რომ ასე წარიმართა მოვლენები. ბოლო ზარის დღეს, არ ვიცი რა გითხრათ…”, – თქვა გოგინავამ.
მსგავსი სიახლეები

მოსამართლის პოსტი სოც ქსელში და სადეზინფექციო სამუშაოები ზუგდიდის სასამართლოში

პრემიერი: გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს 4.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 6.8 მილიონ მგზავრს მოემსახურება


