სენაკში, სააღდგომო ნობათები სკოლამდელი აღზრდის სექტორის აღსაზრდელებს დაურიგდათ

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან კუპრეიშვილის გადაწყვეტილებით, პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, დღეს, მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის სააღდგომო ნობათების გაცემა დაიწყო.
საკვები პროდუქტების გაცემის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან – გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილესთან – კახაბერ კუპრეიშვილთან, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან, ალექსანდრე ჯანჯღავასთან, საბავშვო და ბაგა-ბაღების დირექციასთან ერთად დაესწრო.
მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ პროცესი სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.
„ვაგრძელებთ პროდუქტების გაცემას სკოლამდელი აღზრდის სექტორში რეგისტრირებულ 1 307 აღსაზრდელზე. გადასაცემ პაკეტებში მოთავსებულია 10 სახეობის არამალფუჭებადი პროდუქტი. ბაღებში მოწყობილია სპეციალური სივრცეები, სადაც უზრუნველყოფილია სანიტარიულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმები, გათვალისწინებულია ყველა რეკომენდაცია. მინდა, მადლობა გადავუხადო სკოლამდელი აღზრდის სექტორის წარმომადგენლებს, რომლებმაც პროცესის ორგანიზებისთვის, უდიდესი შრომა გაწიეს’’ – აღნიშნა ლევან კუპრეიშვილმა.
საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის შეძენილ იქნა 60 200 ლარის საკვები პროდუქტი. ?კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ის არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების დროს საბავშვო და ბაგა-ბაღებში უნდა გამოყენებულიყო, სოციალურად დაუცველი 340 აღსაზრდელის ოჯახზე გადანაწილდა.
ასევე, საკვების ორი კვირის მარაგი სკოლამდელი სექტორის ყველა აღსაზრდელმა მიიღო. საკვები პროდუქტების გაცემის პროცესი გაგრძელდება და მას მონიტორინგს მუნიციპალიტეტის მერია, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებასთან ერთად, გაუწევს.




