საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა კოლეგებს განუცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების განხორციელებასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრთა ხელმოწერები რეგლამენტის შესაბამისად გადაამოწმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატმა, რის შედეგადაც პარლამენტის 85 წევრის ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა,
შესაბამისად, კანონპროექტი პარლამენტს წარედგინება განსახილველად. კერძოდ, საქმე შეეხება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კონსტიტუციური კანონის პროექტს.
ცვლილება ითვალისწინებს, რომ საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისგან და სხვა ცვლილებებს, რომლებიც მომავალი არჩევნების ჩატარებას შეეხება.
კომიტეტის დასკვნის შემდეგ, კანონპროექტი პარლამენტს წარედგინება განსახილველად.
სხდომაზე პარლამენტის წევრმა ანრი ოხანაშვილმა პირველი მოსმენით წარადგინა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლითაც დგინდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის შესახებ პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა.
ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ცვლილება გამოწვეულია ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის ვაკანსიის არსებობიდან გამომდინარე.
რამდენადაც პარლამენტის მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით, აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის შესახებ პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურაც პარლამენტის რეგლამენტში უნდა იქნეს გაწერილი.
როგორც სხდომაზე ითქვა, საქართველოს, როგორც რომის სტატუტის წევრ ქვეყანას, შეუძლია წარადგინოს წევრობის კანდიდატი.
წარმოდგენილი ცვლილება კი სწორედ უზრუნველყოფს საქართველოს შიდა სამართლებრივი სტანდარტის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების მოთხოვნებთან შესაბამისობას.
კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას, გიორგი კოპაძის, კობა ლურსმანაშვილის, გოჩა ენუქიძის, ერეკლე ტრიპოლსკის, პაატა მხეიძისა და არჩილ ხაბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების პაკეტი.
მომხსენებელმა, მერაბ ქვარაიამ კოლეგებს განუმარტა, რომ წარმოდგენილი პროექტი, წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესატანი ცვლილებისა და მისგან გამომდინარე 172 კანონში ცვლილებების დამატებას.
წარმოდგენილი ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა და ითვალისწინებს რეგლამენტში არსებული ტერმინების „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“ შესაბამისობაში მოყვანას.
საკითხების ამოწურვის შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა სამივე კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა კოლეგებს კომიტეტის შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, კერძოდ, კომიტეტიდან გასული ენძელა მაჭავარიანის ნაცვლად, კომიტეტის წევრი ვალერი გელაშვილი გახდა.
მსგავსი სიახლეები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

კანონში ენგურჰესის საკითხზე ცვლილებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა


