ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ველომარათონი გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ველომარათონი გაიმართა, რომელმაც სტარტი ბარამიას ქუჩიდან აიღო და ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასტუმრო ,,პალმ ბიჩის“ მიმდებარე ტერიტორიასთან დასრულდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, როგორც მერების შეთანხმების ხელმომწერი, შეუერთდა ევროპის ენერგეტიკის კვირეულს და მდგრადი ენერგეტიკის დღის აღნიშვნა სიმბოლურად ველომარათონს დაუკავშირა.
ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია შეუერთდნენ.
ველომარათონში 50-დე ველომრბოლელი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ მონაწილეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.
I ადგილი ფოთელმა გიგა ჟვანიამ დაიკავა, რომელსაც 1000 ლარი გადაეცა. გიგა ჟვანიას 500 ლარიანი ვაუჩერი BasisBank-მაც გადასცა.
II ადგილი დაიკავა ლევან აბშილავამ, რომელსაც 700 ლარი,ხოლო III ადგილის მფლობელ გიორგი ტაბაღუას 300 ლარი გადაეცა.
ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ველოსპორტის განვითარებაა.




