ფოთის მერიაში ფინანსური პოლიცია შევიდა

სასამართლოს განჩინებით ფოთის მერიაში ფინანსური პოლიცია შევიდა და მალთაყვის სანაპირო ზოლის შესახებ ყველა დოკუმენტაცია ამოიღეს. გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ.
“დიახ, გიდასტურებთ ინფორმაციას, ფოთის მერიაში სასამართლოს განჩინების საფუძველზე შევედით, ამოღებულია დოკუმენტები გარკვეულ საქმეზე და მიმდინარეობს მათი შესწავლა. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით. როგორც კი რამე დადგინდება, შუალედური პასუხი გვექნება, შემდეგ უკვე შევძლებთ საუბარს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით ვერაფერს ვიტყვით“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში.
გავრცელებული ინფორმაციით, მალთაყვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები ხარვეზებით მიმდინარეობდა. მისივე თთქმით, მშენებელ ფირმას ხარისხის გაუმჯობესების მიზნით არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. მერიამ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა და დავას სასამართლოში აგრძელებს.
აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის მერიც, გოჩა კურდღელიაც ადასტურებს. მისი თქმით, საუბარია მალთაყვის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსურ დოკუმენტებზე.
„გიდასტურებთ, რომ მერიაში შემოსულია ფინანსური პოლიცია და დაინტერესებულია მალთაყვის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსური დოკუმენტაციით. საქმე ეხება 2015-2017 წლებს. აქვე ვაცხადებთ, რომ პროექტის შეუსრულებლობის გამო, ფოთის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის იანვარში შეწყვიტა და ამჟამად საქმე სასამართლოშია”,-აცხადებს ფოთის მერი, გოჩა კურდღელია.
ამასთანავე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოხვდა აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ახალრეაბილიტირებული საცხოვრებელი კორპუსები,სადაც წყალი ჩადის და ბინები დაზიანებულია. თოფურიას თქმით, დასკვნის გამოქვეყნებამდე შესაბამის სამსახურს იქ ხარვეზების გამოსწორების მიზნით მუშაობა დაწყებული ჰქონდა. რაც შეეხება, ფოთის მერის მოადგილეებზე 2016-12017 წლებში უკანონოდ გაცემულ დანამატებს, რაც ჯამში 13 700 ლარს შეადგენს, შესაძლოა ეს თანხა ბიუჯეტს დაუბრუნდეს.




