მუჟავაში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო

მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო. მიმდინარეობს წყალსაწრეტი არხების მოწყობის სამუშაოები. პროექტი ასფალტობეტონის საფარის დაგებასთან ერთად ითვალისწინებს სავალ ნაწილზე და ეზოების მისასვლელებთან წყალსატარი მილების, რკინა–ბეტონისა და მონოლითური კიუვეტების მოწყობას, საგზაო ნიშნების მოწყობასა და სხვა სამუშაოებს.
საავტომობილო გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 4`679`830.00 ლარით დაფინანსდა. ამ პროექტის განხორციელებით მუჟავას საავტომობილო გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი სრულად რეაბილიტირდება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ონიქს როუდი’ ასრულებს. მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ.



