პარლამენტში ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა განიხილეს

კომიტეტის სხდომაზე, რომლის მუშაობაში პარლამეტის წევრებთან ერთად, ასევე მონაწილეობდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების, სამეცნიერო წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ინფორმაცია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გაწეული საქმიანობის შესახებ – სსიპ სურსათის ეროვნულის სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა წარადგინა.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მართალია, წელს იყო გაცილებით მეტი ჩართულობა, ვიდრე ეს იყო შარშან, მაგრამ გარკვეული სირთულეები ამ მიმართულებით მაინც გამოიკვეთა. „ვფიქრობ, ამ ნაწილში, წელს ალბათ ჩვენ სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში დავაყენებთ საკითხებს კონკრეტული რაიონების თუ რეგიონების დონეზე, რათა კონკრეტულად გაეცეს პასუხი ყველა პრობლემას, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს – ეს არ არის ერთი უწყების, კონკრეტულად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრობლემა, ეს არის ყველა უწყების, თითოეული ჩვენგანის პრობლემა და გამოწვევა“- განაცხადა ოთარ დანელიამ.
კომიტეტმა ამავე სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2018 წლის საშემოდგომო სესიის საზედამხედველო საქმიანობის გეგმა.




