სოფელ ჭალადიდთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 48 წლის მამაკაცი ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს ეზოს ტერიტორიაზე,სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მანქანაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურში ადასტურებენ.
ცნობისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა, რომელიც ქვა-ღორღით იყო დატვირთული, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა სატვირთოს მძღოლი.
მძღოლის მანქანიდან ამოყვანა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. მედიკოსების შეფასებით, 48 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა ტრავმული შოკი, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი და პოლიტრამვა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშარებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.




