კახა კალაძე: დედაქალაქის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მზადაა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ჩავერთოთ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში, თუ ამის აუცილებლობა იქნება

დედაქალაქის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მზადაა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ჩავერთოთ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში, თუ ამის აუცილებლობა იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შსს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სრულადაა ჩართული სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში.
„პრემიერ-მინისტრის დავალებით, დღეს ასევე ჩაერთვებიან ჩვენი ჯარისკაცები, იმისთვის რომ შევძლოთ კიდევ ადამიანების გადარჩენა და გაგრძელდეს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
მინდა გამოვხატო ჩვენი მზაობა, მხარდაჭერა, თანადგომა დედაქალაქის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მზადაა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ჩავერთოთ აღნიშნულ ღონისძიებებში, თუ ამის აუცილებლობა იქნება.
კიდევ ერთხელ, მინდა მშვიდობა ვუსურვო სრულიად საქართველოს, რაჭას, რაჭველებს, იქ მყოფ ადამიანებს და ყველამ ვილოცოთ მათი გადარჩენისთვის“, – განაცხადა კალაძემ.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, 25 დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.






