ჭუბერის მოსახლეობას თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი და ლევან დავითაშვილი შეხვდნენ

სოფელ ჭუბერში, ადგილობრივ მოსახლეობას ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს შეხვდნენ.
მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან მოსალაპარაკებლად რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩავიდნენ.
მთავრობის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კონკრეტული წინადადებები წარადგინეს, რომელთაგან ნაწილი სწრაფად გადაწყვეტადია, ნაწილი კი გრძელვადიან განვითარებას ეხება.
ახალ სატყეო კოდექსთან დაკავშირებით, ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებს გარემოს დაცვის მინისტრმა მიაწოდა. ტყით სარგებლობის წესების შესახებ ლევან დავითაშვილმა ისაუბრა.
„დასაწყისშივე გეტყვით, რომ აქამდე რაც იყო, აღარ გაგრძელდება. ქვეყანაში მოქმედებს ერთი კანონი და ეს კანონი ერთნაირია როგორც სვანეთისთვის, ისე ბორჯომისთვის და ა.შ.”,-განაცხადა სოზარ სუბარმა შეხვედრის დასაწყისში.
“ფაქტია, რომ მათ აწუხებთ არაერთი ბიუროკრატიული ბარიერი, როცა საქმე ეხება კანონიერ ბიზნესსაქმიანობას. ისინი თავიანთი კანონიერი შრომის ნაყოფის რეალიზებას ვერ ახდენენ ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე. არის უკანონო საქმიანობის ნაწილიც, რომელსაც სახელმწიფოსთან დიალოგის ფარგლებში მოგვარება სჭირდება. ყველანაირი ბიზნესინიციატივა, რომელიც კანონს შეესაბამება ჩვენი ხელისუფლებისგან არის მხარდაჭერილი. მიზნად ისახავს იმას, რომ ხეობა განვითარდეს, ამოისუნთქოს და იყოს ორიენტირებული მომავალზე. აქ მიღებულ ინფორმაციას მთავრობის სხდომაზე მივაწვდით პრემიერ-მინისტრს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.






