ხვალიდან ონკოლოგიური პაციენტები საჭირო მედიკამენტებს პირდაპირ კლინიკაში მიიღებენ

გასულ კვირას ხელი მოეწერა ბრძანებას, რომლითაც მოწესრიგდა ონკოლოგიური პაციენტებისთვის კლინიკებში მედიკამენტების გამოყენებით მკურნალობის პროცედურები – ამიერიდან კლინიკა აღარ შეაწუხებს პაციენტს, თავად დაახვედრებს მას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ საჭირო მედიკამენტს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ბრძანება ხვალიდან შევა ძალაში, რის მიღებასაც წინ უძღოდა ნაყოფიერი მუშაობა კლინიკებთან და ონკოლოგიური პაციენტების ორგანიზაციებთან.
„თუკი პაციენტს გადასხმამდე ჯერ უწევდა რეცეპტის მოკითხვა კლინიკაში, შემდეგ, მედიკამენტის ძებნა სააფთიაქო ქსელებში, მისი აღება და იმავე კლინიკაში მიბრუნება – ეს შეიცვალა ძირეულად და ამიერიდან კლინიკა აღარ შეაწუხებს პაციენტს, თავად დაახვედრებს მას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ საჭირო მედიკამენტს“, – განმარტა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება პაციენტის ინტერესებისა და უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებისკენ გადადგმული მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
მსგავსი სიახლეები

ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო

ირაკლი ღარიბაშვილი: ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ 2024 წელს და ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ




