მე არ ვარ საუბნო კომისიის წევრი”- ოპოზიციის ბრალდებები და ადრესატის პასუხი

ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში საუბნო კომისიის წევრები მონაწილეობენ. აღნიშნულ თემას დღეს პრესკონფერენცია მიუძღვნა შტაბის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ. წითლიძემ კონკრეტული ადამიანები დაასახელა. მათ შორის, კომისიის წევრი “პატრიოტთა ალიანსიდან ნინო კვარაცხელია.
„კანონმდებლობა პირდაპირ კრძალავს კომისიის წევრების მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში. ჩვენ ამასთან დაკავშირებით უკვე დავწერეთ საჩივრები. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საოლქოდან დანიშნული კომისიის წევრების დიდი უმრავლესობა არ არიან ნეიტრალური ადამიანები და რეალურად არიან „ქართული ოცნების“ აქტივისტები“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
ანა წითლიძეს “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ნინო კვარაცხელია პასუხობს. მისი განცხადებით, მან საარჩევნო კომისია არჩევნების პირველი ტურის დასრულებისთანავე დატოვა.
“ერთია პოლიტიკური განცხადებები და მეორეა კონკრეტული ბრალდება. მე ასე გამოვეხმაურები საქართველოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ქალბატონი ანი წითლიძეს განცხადებას. ქალბატონო ანი, მე არ ვარ ზუგდიდის #67 ოლქში 29 საუბნო კომისიის წევრი. დროის უქონლობის გამო გადავწყვიტე, რომ დამეტოვებინა კომისია. თბილისში ვმუშაობ და ამდენ დატვირთვას ფიზიკურად ვერ ვახერხებ. უბნის დატოვების შესახებ განცხადება პირველი ტურის დასრულებისთანავე დავწერე. რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულში ბრალდებას – მე, ვალდებული, ვარ რეაგირება მოვახდინო”,-განაცხადა ნინო კვარაცხელიამ.






