ფოთის მუნიციპალიტეტი რუმინეთის ქალაქ კონსტანცას დაუმეგობრდა

ფოთს ახალი დამეგობრებული ქალაქი ჰყავს – ფოთსა და კონსტანცას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ მოაწერა.
ბექა ვაჭარაძემ კონსტანცას მერის ვირჯილ ჩიტაკის მიწვევით საერთაშორისო ღონისძიებაში – „ევროპული/ევროატლანტიკური გზა: გამოწვევები, შესაძლებლობები და საუკეთესო პრაქტიკა“ მიიღო მონაწილეობა და ქალაქ კონსტანცას ესტუმრა.
„აღსანიშნავია, რომ ვგეგმავთ თანამშრომლობას ფოთის საზღვაო სასწავლო ცენტრსა და კონსტანცას ცნობილ საზღვაო უნივერსიტეტებს შორის. ჩვენს ქალაქებს შორის ხორციელდება საბორნე მიმოსვლა, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორც ქალაქის, ასევე, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის, რადგან ეს ხაზი უმოკლესი გზაა კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნების ევროპასთან დასაკავშირებლად. ჩვენ გავაგრძელებთ მეგობრული ურთიერთობის განვითარებას და საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას” -განაცხადა ფოთის მერმა.



