გოჩა ცხვედიანის დედისთვის უცნობია თუ სად იმყოფება მისი შვილი
გოჩა ცხვედიანის დედის აზა გოგავას ინფორმაციით, პოლიციელებსა და მის შვილს შორის უთანხმოება წარსულშიც იყო და აცხადებს რომ მის შვილს პოლიცია დევნიდა. როგორც გოგავა STV-ს უყვება, მისთვის უცნობია მომხდარის დეტალები, მხოლოდ იმას ამბობს რომ ღამის ორ საათზე სროლის ხმა იყო და შემდეგ მეზობლებმა უამბეს მომხდარის შესახებ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას რომ თითქის ცხვედიანი წარსულში ნასამართლევია, დედა უარყოფს. აზა გოგავა ამბობს რომ მისთვის უცნობია თუ სად იმყოფება მისი შვილი.
ცნობისთვის, აბაშის რაიონის სოფელ გეზათში მოქალაქემ ორი პოლიციელი დაჭრა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შალვა მიმინოშვილი და ბაკურ ჭკადუა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ და ქუჩაში პატრულირებდნენ. მათ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი შენიშნეს და გადამოწმების მიზნით მასთან მივიდნენ, რა დროსაც მოქალაქე გოჩა ცხვედიანმა სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
პოლიციელები მის გადაყვანას შეეცადნენ, თუმცა მან საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შალვა მიმინოშვილს დანით მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა, მისი მეწყვილე კი ხელის არეში დაჭრა. შალვა მიმინოშვილი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. პატრულის მეორე თანამშრომელს კი სტაციონალური მკურნალობა არ დასჭირდა.
თავდამსხმელი გოჩა ცხვედიანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას ამ დრომდე ეძებენ.




