არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები ზუგდიდის მერის გადადგომაზე

ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზუგდიდის მერის გადადგომის საკითხს ეხმაურებია. მათთვის გაუგებარიაზუგდიდის მერის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადება მისი გადადგომის შესახებ. არასამთავრობო სექტორი თვლის, რომ მერი ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის წინაშე და მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს მისი გადადგომის მიზეზები.
„აღნიშნული განცხადება ფეისბუქზე გავრცელდა, თუმცა უტყუარი მას შემდეგ გახდება, როდესაც ოფიციალურად დადასტურდება. მე, როგორც ვიცი მერი ორშაბათს გეგმავს პრესკონფერენციის გამართვას და იმედი მაქვს ისაუბრებს გადადგომის მიზეზებზე. ჩვენ გვიჩნდება კითხვები, ხომ არ უკავშირდება ამ გადაწყვეტილებას ის გარემოება, რომელიც წინ უძღოდა ახალი გუბერნატორის დანიშვნის დროს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ზუგდიდში ჩამოსვლას და მათ მიერ გაკეთებული განცხადებებს, როდესაც ისინი რამდენიმე მერს სთხოვდნენ თანამდებობის დატოვებას”-აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკადუა.
ლაშა გოგიას სუს-ში დაბარებიდან მალევე თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება კითხვებს უჩენს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის კოორდინატორს არჩილ თოდუასაც.
„პირველ რიგში პრობლემას წარმოადგენს ის, რომ გაუგებარია, თუ რატომ მიიღო ლაშა გოგიამ გადადგომის გადაწყვეტილება. იგი პირდაპირი წესით არჩეული მერია და ანგარიშვალდებულია ამომრჩევლების წინაშე. ამომრჩეველს აქვს უფლება იცოდეს მისი გადადგომის მიზეზები. ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას მოსთხოვეს თანამდებობის დატოვება, ვიცით, რომ იყო გამოკითხვაზე სუს-შიც და საეჭვოა ის გარემოება, რომ სწორედ ამ გამოკითხვის მერე დატოვა მან თანამდებობა. ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მერის გადადგომის მიზეზები“, – აღნიშნავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის კოორდინატორი არჩილ თოდუა.



