ზოგადი განათლების რეფორმა მინისტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასწავლებლებთან მიმოიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრების ფარგლებში მინისტრმა პედაგოგებთან ერთად ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია განიხილა და განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერი დავით კოდუა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრები კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, რომლის დროსაც მასწავლებლებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს და ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს.
აღნიშნული შეხვედრა ქალაქ ზუგდიდში გაიმართა და მიზნად ისახავდა განათლების სისტემის განვითარების პროცესში სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფას.








